Friday, January 11, 2013

თამბაქოს მოხმარების სტატისტიკა


გლობალური სტატისტიკური მონაცემებით, ყოველი მე-10 ზრდასრული ადამიანის სიკვდილის გამომწვევი თამბაქოა, რაც წელიწადში 6 მილიონამდე შემთხვევას შეადგენს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე აივ/შიდსით, ტუბერკულოზით და მალარიით გამოწვეული ჯამური სიკვდილიანობა. 600 000 შემთხვევა მოდის თამბაქოს პასიურ მომხმარებელზე.
თამბაქოს მოხმარება რესპირატორული, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ნაღვლის ბუშტის, საშვილოსნოს ყელისა და თირკმლის კიბოს განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 22%, მათ შორის ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 70% – თამბაქოს მოწევით არის განპირობებული.
(WHO Tobacco Free Initiative)
კვლევების მონაცემებით, თამბაქოს მომხმარებელთა წილი, საქართველოს პოპულაციაში, 30.3%-დან 42.2%-მდე ვარირებს. ESPAD-ის მონაცემების მიხედვით, მოზარდებში 12% თამბაქოს რეგულარული მომხმარებელი იყო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2008 წლის შეფასებით, თამბაქოს ყოველდღიური მოხმარება მამაკაცებში 13.5-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს ქალებში. ყველა კვლევა, რომელიც ჩატარდა საქართველოში, ამას ადასტურებს, მაგალითად, STEPS 2010 მონაცემებით, ეს შეფარდება 11.7-ს შეადგენს. ამ კვლევამ გამოავლინა, რომ თამბაქოს მოხმარების პრევალენტობა მთლიანი მოსახლეობის 30.3%-ს შეადგენს, კაცებში – 55.5%, ქალებში – 4.8%. თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (36.5%) თბილისში დაფიქსირდა. საკმაოდ მაღალია თამბაქოს პასიურ მომხმარებელთა წილი: 23.3% მთლიან მოსახლეობაში, 32.9% – კაცებში და 13.7% – ქალებში (იხ.
სურათი 6.2).


თამბაქოს მოხმარება, განსაკუთრებით საშიშროებას წარმოადგენს ორსულთათვის. მოწევა ორსულობის პერიოდში, ზრდის ორსულობის გართულების რისკს და უარყოფითად მოქმედებს ორსულობის გამოსავალზე.
(CDC – Women and Smoking)
მონაცემები ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოხმარების შესახებ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის  ფართომასშტაბიანი კვლევებით იქნა მიღებული (იხ. სურათი 6.4).

1999 წლიდან, ამ კვლევების მიხედვით, თამბაქოს მოხმარება რეპროდუქციული ასაკის ქალებში,
3-ჯერ შემცირდა, თუმცა ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოხმარება არ არის შეცვლილი და შეადგენს დაახლოებით 2%-ს. თბილისელი ქალების 13%, სხვა ქალაქებში მაცხოვრებელი ქალების 9% და
სოფლელი ქალების 2% ეწევა ამჟამად.

   


წყარო


თამბაქოს მავნებლობა

თამბაქოს აქტიური და პასიური მოწევა იწვევს აეროდიგესტიური, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებს, კიბოს, პათოლოგიურ ორსულობას, მშობიარობის გართულებებს, ახალშობილთა სიმახინჯეებს, ბავშვთა რესპირატორულ და ალერგიულ დაავადებებს; ბავშვებში ანვითარებს არაჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩვევებს და ზრდის მათში ნარკოტიკული დამოკიდებულების რისკს, ამოკლებს ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას, წარმოადგენს სიკვდილის ძირითად მიზეზს, საზოგადოებას აყენებს უდიდეს ინტელექტუალურ და ეკონომიურ ზარალს, აფერხებს მის განვითარებას. 
კიბოს გამომწვევ ძირითად მიზეზთა შირის თამბაქოს მოწევა წარმოადგენს უდიდესი რისკის ფაქტორს. ამ ეტიოლოგიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს 30%-ის განვითარება. ფილტვის კიბოს 90% გამოწვეულია თამბაქოს მოწევის მიზეზით. თამბაქოს შემადგენელი და მისი წვის შედეგად წარმოქმნილი მაღალი კონცენტრაციების კარცეროგენული ნივთიერებების ქრონიკული ზემოქმედების მიზეზით ვითარდება ასევე პირის ღრუს, ხორხის, საჭმლის მომნელებელი, საშარდე და რეპროდუქციული სისტემების ორგანოთა კიბო. 
თამბაქოს კვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებასა და აირს, მათ შორის: ნიკოტინს, ბენზოლს, კარბონის მონოქსიდს, ამონიუმს, დიმეთილნიტროზამინს, ფორმალდეჰიდს, ციანიდის ჰიდროგენს, აკროლეინს. 60%-ზე მეტი კომპონენტი ადამიანისთვის წარმოადგენს კარცინოგენს, მათ შორისაა ისეთი ძლიერი მოქმედების კარციროგენული აგენტები, როგორიცაა აზბესტი, დარიშხანი, ბენზოლი და რადონის აირი. 
ქრონიკული ტოქსიკური და კარცინოგენული ზემოქმედების შედეგად თამბაქოს მწეველთა 80%-ზე უნვითარდება გენეტიკური, მათ შორის P53 გენის დაზიანება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიბოს განვითარებაში. ამავე დროს, მწეველთა ორგანიზმში მატულობს ინსულინის, გასტრინ-როლიზინგ პეპტიდეს რეცეპტორთა რაოდენობა, ირღვევა უჯრედთა გაყოფის რეგულაცია, რომლის შედეგად იწყება არაკონტროლირებადი სიმსივნური ზრდა, კიბოს განვითარება, იმუნური და ფსიქიური დეპრესია, ავთვისებიანი პროცესის პროგრესირება, და საბოლოო ჯამში, სიკვდილის ეს მექანიზმი სრულდება თამბაქოს მიზეზით კიბოთი დაავადებული ადამიანის გარდაცვალებით. 


თამბაქოს მოწევის შედეგად განვითარებული დაავადების მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად 400 000 - 500 000 ადამიანი იღუპება. თამბაქოს მწეველთა ოჯახში მცხოვრები 10 ბავშვიდან 9 დაუცველია თამბაქოს პასიური წევისაგან. თამბაქოს პასიური მოწევის შედეგად მსოფლიოში 700 მილიონი ბავშვი იმყოფება თამბაქოს კვამლის საზიანო ზემოქმედების "ექსპოზიციის" ქვეშ. ექსპოზირებულ ბავშვთა 70% -ზე მეტს მომატებული აქვს რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკი, მათ შორის ფილტვების ფუნქციის დაქვეითების, ინფექციური დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტისა და პნევმონიის, ბრონქული ასთმის რისკი. გარდა ამისა, თამბაქო ბავშვთა 30%-ში იწვევს სმენის დაქვეითებასა და დაყრუებას. ბავშვთა სიკვდილიანობის 25 დაკავშირებულია თამბაქოს კვამლის ექსპოზიციასთან. 


მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემოსაღებია თამბაქოს ნაწარმში კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის მარეგლამენტირებელი სანიტარულ-ჰიგიენური სახელმწიფო სტანდარტები, რომელთა სავალდებულო დაცვის მონიტორულ კონტროლზე აყვანით შემცირდება აქტიურ და პასიურ მწეველთა ტოქსიკური და კარციროგენული დატვირთვა. განათლების სამინისტროს მიერ საშუალო სკოლის დაწყებითი კლასებიდან შემოსაღებია ჯანმრთელი ცხოვრების წესის სასწავლო პროგრამები. მას-მედიის საშუალებებმა თავიანთ პროგრამებში უნდა გაზარდონ ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ მოსახლეობის სანიტარული განათლება და მავნე ჩვევების უფასო ანტი-რეკლამირება. პარლამენტის მიერ მისაღებია კანონთა ინტრასექციული პაკეტი, რომელიც ადეკვატური ლიცენზირებისა და სერთიფიცირების ფორმის შემოღების საშუალებით მოახდენს თამბაქოს ნაწარმის წარმოებს, ექსპორტ-იმპორტისა და ვაჭრობის რეგლამინეტირებას; აკრძალავს მის რეკლამირებას ყველა სახის საშუალებით და შემოიღებს უფასო ანტი-რეკლამირებას; დააწესებს სავალდებულო ტესტირებას, სააქციო გადასახადებსა და ჯარიმებს; დაიცავს არამწეველ მოსახლეობას თამბაქოს კვამლის ჯანმრთელობისათვის საზიანო და სიცოცხლისათვის საშიში ზემოქმედებისაგან. 
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ასოციაცია გაფრთხილებთ, რომ თამბაქოს მოწევა საშიშია თქვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრებისა და კოლეგების სიცოცხლისათვის.






წყარო

მოზარდები თამბაქოს ხაფანგში


რატომ დავიწყე? _ 30-40 წლის ასაკში ამას ბევრი ეკითხება საკუთარ თავს. პირველმა რომანტიკამ გაიარა და ადამიანი ჩინებულად ხვდება, რამხელა დარტყმას აყენებს სიგარეტი მის ჯანმრთელობასა და ჯიბეს, არადა თამბაქომ ისე მყარად მოიკიდა ფეხი მის ცხოვრებაში, ისე მჭიდროდ მოუჭირა მონობის ბორკილი, რომ საკუთარ თავთან ბრძოლის დაწყებაც კი ეზარება.
   “ნეტავ ეს ჭკუა თავის დროზე მქონოდა!” – გაიგონებთ ხშირად, თინეიჯერებს კი  ეს ასაკი იმდენად შორს ეჩვენებათ, რომ დაფიქრების ღირსადაც არ თვლიან. სამწუხარო ფაქტი: თაობებს ერთმანეთის არ ესმით. და მაინც, რატომ იწყებენ ჩვენი შვილები თამბაქოს წევას და როგორ ავარიდოთ ისინი ამ საფრთხეს?
    არიან ადამიანები, რომელთაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მათ შორის – თამბაქოს, გამოყენების მიმართ მიდრეკილება აღენიშნებათ. თუ მშობლები ეწევიან, პატარას შეიძლება დაბადებამდევე ჩამოუყალიბდეს ნიკოტინზე დამოკიდებულება, ხოლო როცა გაიზრდება და გემოს გაუსინჯავს სიგარეტს, გაცილებით ადრე მიეჩვევა მას და მეტადაც მიეჯაჭვება, ვიდრე არამწეველთა ოჯახში გაზრდილი თანატოლი.
    და მაინც, გენეტიკა არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მწეველთა შვილები ნარკოტიკს ეტანებიან. მათ ხომ მშობლების მაგალითი აქვთ თვალწინ! შეგიძლიათ, დღედაღამ უკითხოთ პირმშოს ვრცელი ლექციები თამბაქოს მავნეობის შესახებ; ისინი გახვრეტილი შაურიანიც არ ეღირება, თუ შვილი ყოველ წუთას სიგარეტით ხელში გხედავთ. სულაც რომ არ უნდოდეს, სიგარეტს ის ქვეცნობიერად ელეგანტურობის (თუ დედა ეწევა) ან ვაჟკაცობის (როცა მამა აბოლებს) სიმბოლოდ აღიქვამს – ის ვერაფრით შეეგუება აზრს, რომ თქვენ არასწორად იქცევით.
ნარკოლოგებმა გამოთვალეს, რომ თუ ოჯახში სამი მწეველია, 80 პროცენტია ალბათობა, რომ მოზარდმა 12 წლიდანვე დაიწყოს თამბაქოს წევა, ხოლო თუ მის გვერდით ერთი ადამიანი ეწევა, რისკი 40 პროცენტს შეადგენს.
    ბავშვი მოწევას არ დაიწყებს, თუ:
* უსმენთ და პატივს სცემთ მის აზრს.
მრავალი მოზარდი მხოლოდ იმისთვის იწყებს წევას, რათა მთელ ქვეყანას დაანახოს, რომ უკვე დიდია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ დედ-მამა მოზარდს არ თრგუნავს და თანდათან უფრო და უფრო მეტი საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტას ანდობს (მაგალითად, იმისა, თუ ვისთან იმეგობროს, რა ჩაიცვას, როგორ მუსიკას მოუსმინოს), მას აღარ გაუჩნდება სურვილი, სიგარეტით ხელში ამტკიცოს თავისი ზრდასრულობა. დაგვეთანხმებით, სჯობს ყმაწვილმა ორიოდე თვე პანკივით იაროს (თუ არ დაუშლით, მალე თავისთავად მობეზრდება), ვიდრე სიგარეტს გაუსინჯოს გემო.
* ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებას იყენებთ, რათა თამბაქოს მიმართ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება გამოამჟღავნოთ.
არც ერთი ნანახი თუ გაგონილი ამბავი, სადაც თამბაქოს მავნებლობა ჩანს, უკომენტაროდ არ დატოვოთ. ჩვენ მხოლოდ გეჩვენება, რომ ბავშვები მშობლების საუბარს არ უსმენენ. სინამდვილეში ყველაფერი, რაც ესმით, მათ გონებაში მოზაიკის ფრაგმენტებივით გროვდება. სწორედ ამ ფრაგმენტებისგან იკვრება შემდეგ ერთიანი სურათი – საკუთარი აზრი.
* ეხმარებით, რამეში მაინც იყოს თანატოლებზე წარმატებული და კომპეტენტური.
ირგვლივ მყოფთა შეხედულება მასზე მოზარდისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ბევრი სწორედ იმ მიზნით იწყებს წევას, რომ თანატოლების თვალში უფრო “მაგარი” და გამოცდილი გამოჩნდეს, მაგრამ თუ რაღაც გატაცება უკვე აქვს, თუ სხვებს უკვე სჯობნის (სხვებზე უკეთ სრიალებს გორგოლაჭებითა თუ თხილამურებით, თამაშობს ჭადრაკს, კარგად მღერის, კარგად ერკვევა კომპიუტერში), ავტორიტეტი ისედაც გარანტირებული აქვს, ასე რომ, სიგარეტი აღარ დასჭირდება.

     შეამჩნიეთ, რომ თქვენი შვილი ეწევა... ცხადია, ერთი სული გაქვთ, გვარიანად გაჯოროთ და ყური აუწიოთ, მაგრამ რას გარგებთ ეს? გვერწმუნეთ, მუქარით ვერაფერს გახდებით.
პირველ რიგში, იმაზე დაფიქრდით, რას აძლევს თქვენს შვილს თამბაქო.
    იქნებ მხოლოდ ის აინტერესებს, როგორი შეგრძნება ექნება... ასეთ შემთხვევაში მხოლოდ თვალყური ადევნეთ. ბავშვს ეს გატაცება მალე მობეზრდება.
    ეგებ ჭარბი წონის მოცილებას ცდილობს? ეგებ პროტესტს აცხადებს მშობლების ძალადობის წინააღმდეგ? ან იქნებ სურს, “გამორჩეულთა” სიაში მოხვდეს? ასეა თუ ისე, რაკი მან მოწევა დაიწყო, თქვენ კი ეს კარგა ხნის შემდეგ შეიტყვეთ, ფაქტია: თქვენს შორის კედელი აღმართულა.
   ლექციის კითხვას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ, ფრაზა: “შეიძლება, სერიოზულად ვისაუბროთ?” – კარგი დასაწყისია. თუ მაშინვე არ გამოტყდება, გულს ნუ გაიტეხთ. მთავარია მიახვედროთ, რომ მზად ხართ, მშვიდად, ყვირილის, ნოტაციებისა და ცემა-ტყეპის გარეშე ესაუბროთ.
    გულდასმით შეარჩიეთ არგუმენტები. მძიმე დაავადებებით (რომლებიც 20-30 წლის შემდეგ დაემართება) მას ვერ შეაშინებთ. სამაგიეროდ, პერსპექტივა, რომ დამოკიდებული გახდება, არცთუ სასიამოვნოა; ნებისმიერი მოზარდი ხომ თავისუფლებისკენ მიილტვის. აუხსენით, რომ ნიკოტინური დამოკიდებულების გამო დამოუკიდებლობას დაკარგავს და საკუთარი სხეულისა და გონების ბატონ-პატრონი ვეღარ იქნება. აჩვენეთ, როგორ შეუშლის ხელს თამბაქო მიზნის მიღწევაში, პროფესიული კარიერა იქნება ეს თუ სპორტული ასპარეზი. გოგონებს შეგვიძლია მოვუყვეთ, რომ მწეველ დედებს მცირეწონიანი, სუსტი ბავშვები უჩნდებათ, მერე კი ერთი ექიმისგან მეორესთან მიჰყავთ, მაგრამ ვერაფერს შველიან... მოკლედ, მოსწიე, თუ გსურს, მაგრამ იცოდე, რა გელის წინ.
რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, მოზარდი, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ანდეს, სწორ არჩევანს გააკეთებს.



'' მოვკლათ '' თამბაქო

პირველივე ცდაზე მოწევისთვის თავის დანებებას ნიკოტინის მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ახერხებს. ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ აშშ-ში დღევანდელი მონაცემებით არსებული 45 მილიონი მწეველიდან 70%-ზე მეტს სურს მოწევისთვის თავის დანებება და დაახლოებით 44% აცხადებს, რომ ყოველწლიურად ცდილობს. სამწუხაროდ, მცდელობა უმეტესად წარუმატებელია. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მწეველის მისაღებია, ნებისყოფის დაძაბვა და არცთუ იოლი გზის გავლაც მას უწევს, თუმცა ექიმებს ამ პროცესში საკმაოდ დიდი როლის თამაში შეგვიძლია. საერთაშორისო გამოცდილებითაც და ქართული გაიდლაინითაც, გადამწყვეტი როლი ოჯახის ექიმებს გვეკისრება. რაკი თამბაქოსთვის თავის დანებება ხანგრძლივი და რთული პროცესია, სტრატეგია თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შევიმუშაოთ.
გაიდლაინის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება სერიოზული  სამედიცინო პრობლემაა და მის გამოვლენასა და მართვას სამედიცინო პერსონალმა, განსაკუთრებით – ოჯახის ექიმებმა და პირველადი ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებმა, ჯეროვანი ყურადღება უნდა დავუთმოთ.
თამბაქოს მომხმარებელთა 70% ექიმთან ყოველწლიურად მიდის. ერთი შეხედვით, რა აზრი აქვს თამბაქოს მავნებლობაზე საუბარს – ეს ხომ ისედაც ყველამ იცის, თანაც უმეტესად ამაოა... სინამდვილეში კი დამტკიცებულია, რომ მარტივი რჩევის შედეგად მოწევას თავს 60-დან 1 მწეველი ანებებს, ინტენსიური მკურნალობით (ვგულისხმობ ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს, თუ საჭიროა, მედიკამენტურ მკურნალობასაც) – 30-დან ერთი. ამ თითქოსდა მცირე მაჩვენებლებსაც კი, მწეველთა უზარმაზარი არმიის რიცხოვნობის გათვალისწინებით, საზოგადოების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სიკეთე მოაქვს. ექიმის სიტყვას დიდი ძალა აქვს. მარტივი რჩევა, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები მოწევისთვის თავის დანებების ალბათობას და სიგარეტისგან თავშეკავებას 12 თვის მანძილზე 1.5-2-ჯერ ზრდის. ასევე ეფექტურია ტელეფონით კონსულტაცია (მოწევის შეწყვეტის ხაზი), რომელიც მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული, ამიტომ სასურველია, ექიმებმა და ჯანდაცვის სერვისებმა მწეველთათვის ასეთი ხაზები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ.
როგორც იცით, პაციენტის ყოველი ვიზიტის დროს, განურჩევლად იმისა, რა ჩივილით მოგვმართა მან, ე.წ. სასიცოცხლო ნიშნებს (პულსს, არტერიულ წნევას, წონას, სუნთქვის სიხშირეს, ტემპერატურას) ექიმები აუცილებლად ვაფასებთ და ვინიშნავთ. სწორედ ამ ნიშნებს შორის მოიაზრება მწეველობის სტატუსის დადგენაც დაკონკრეტებით (ოდესმე თუ მოუწევია სიგარეტი, ამჟამად თუ ეწევა, რამდენი წელია და დღეში რამდენ ღერს). საერთაშორისო გამოცდილებით დამტკიცდა რომ ასეთი მცირე ჩანაწერიც, რომელსაც აუცილებლად შემდგომი რეკომენდაცია მოყვება მნიშვნელოვნად ზრდის ალბათობას რომ მწეველი თამბაქოს მავნებლობაზე დაფიქრდეს, აღარაფერს ვამბობ რომ დოკუმენტირება ინფორმაციის შემდგომი გაანალიზების და საჭირო ჩარევების დაგეგმვის მეტ საშუალებას იძლევა.





                                        წამალი თამბაქოს წინააღმდეგ    
გარდა ტკბილი სიტყვისა, ექიმებს საკმაოდ ძლიერი ფარმაკოლოგიური იარაღიც მოგვეპოვება. თამბაქოს დამოკიდებულების სამკურნალოდ მოწოდებულია მრავალი ეფექტური მედიკამენტი. ექსპერტები გვირჩევენ, დავნიშნოთ ისინი ყოველთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათი მიღება უკუნაჩვენებია, ანდა არა გაგვაჩნია საკმარისი მტკიცებულება განსაზღვრულ პოპულაციაში (მაგალითად, ორსულებში, არამწეველ თამბაქოს მომხმარებლებში, მსუბუქ მწეველებში, მოზარდებში) მათი ეფექტიანობის შესახებ.
მოწევის მიტოვების გასაადვილებლად პირველი რიგის შვიდი მედიკამენტია მოწოდებული. აქედან ხუთი ნიკოტინის შემცველია (საღეჭი რეზინი, ინჰალატორი, ტაბლეტი, ცხვირის სპრეი/პულვერიზატორი, სალბუნი/პლასტირი), დანარჩენი ორი კი ნიკოტინს არ შეიცავს. ბუპროპიონი-SR გახანგრძლივებული მოქმედების ანტიდეპრესანტია. მოქმედებს ტვინის იმ რეცეპტორებზე, რომლებიც ნიკოტინის “მოთხოვნაზე” აგებენ პასუხს და ამით ნიკოტინის აღკვეთის სინდრომს ამცირებს. ვარენიკლინი ახალი პრეპარატია, მოქმედებს ტვინის ნიკოტინის რეცეპტორებზე და, ერთი მხრივ, აღძრავს იმგვარ ფიზიკურ სიამოვნებას, რომელსაც მწეველი მოწევისას განიცდის, მეორე მხრივ კი ასუსტებს აღკვეთის სინდრომს. ყოველი მათგანი რეალურად ზრდის მოწევის აბსტინენციის (თავის შეკავების) ხანგრძლივობას.
საერთაშორისო გამოცდილებით, ნიკოტინდამოკიდებულების მკურნალობა კლინიკურად ეფექტურიც არის და ხარჯეფექტურიც. იქ, სადაც ამ მკურნალობის ხარჯებს სადაზღვევო კომპანიები ფარავენ, თამბაქოს მოხმარებას უფრო მეტი ანებებს თავს.
მოწევისთვის თავის დასანებებლად მედიკამენტურ მკურნალობას იყენებენ როგორც მკურნალობის სრული კურსის ერთ-ერთ კომპონენტს. მედიკამენტები ამსუბუქებს თამბაქოს მიტოვების შემდგომ სიმპტომებს და ამგვარად აადვილებს მოწევისთვის თავის დანებებას, მაგრამ მთლიანობაში საამისოდ მხოლოდ პრეპარატების მიღება საკმარისი არ არის.
 



მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე





ყოველი წლის 31 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე, რითაც ყურადღებას ამახვილებს ჯანმრთელობის იმ რისკებზე, რომელიც ასოცირდება თამბაქოს მოხმარებასთან და ახდენს თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო ეფექტური პოლიტიკის პროპაგანდას. თამბაქოს მოხმარება გლობალური სიკვდილიანობის მეორე მიზეზია (ჰიპერტენზიის შემდეგ) და დღესდღეობით, ყოველი 10 ადამიანიდან ერთის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.

2010 წლის ამ დღის თემას წარმოადგენს – გენდერული ფაქტორი და თამბაქო, ქალებში მარკეტინგზე ყურადღების გამახვილებით. ჯანმო ამ დღეს გამოიყენებს განსაკუთრებით იმ საზიანო შედეგების საჩვენებლად, რომელიც უკავშირდება თამბაქოს მარკეტინგსა და მოწევას ქალებსა და გოგონებში.

მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მომხმარებლებს შორის მამაკაცები ბევრად აღემატება ქალებს (ქალები მწეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენს), არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ზოგ ქვეყნებსა და რეგიონებში შეიმჩნევა თამბაქოს მოხმარების ეპიდემიის ზრდა გოგონებს შორის.

 



ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე დააწესა 1987 წელს, რათა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიექცია თამბაქოს ეპიდემიისათვის და მისი მომაკვდინებელი შედეგებისადმი. ეს დღე ხელს უწყობს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული ზომების პროპაგანდას და თამბაქოს კონტროლზე ჯანმოს ჩარჩო ხელშეკრულების კონვენციის განხორციელებას. საზოგადოებისათვის თამბაქოს მოწევა რიგით პირველ ეპიდემიას წარმოადგენს, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია.