Friday, January 11, 2013

'' მოვკლათ '' თამბაქო

პირველივე ცდაზე მოწევისთვის თავის დანებებას ნიკოტინის მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ახერხებს. ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ აშშ-ში დღევანდელი მონაცემებით არსებული 45 მილიონი მწეველიდან 70%-ზე მეტს სურს მოწევისთვის თავის დანებება და დაახლოებით 44% აცხადებს, რომ ყოველწლიურად ცდილობს. სამწუხაროდ, მცდელობა უმეტესად წარუმატებელია. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მწეველის მისაღებია, ნებისყოფის დაძაბვა და არცთუ იოლი გზის გავლაც მას უწევს, თუმცა ექიმებს ამ პროცესში საკმაოდ დიდი როლის თამაში შეგვიძლია. საერთაშორისო გამოცდილებითაც და ქართული გაიდლაინითაც, გადამწყვეტი როლი ოჯახის ექიმებს გვეკისრება. რაკი თამბაქოსთვის თავის დანებება ხანგრძლივი და რთული პროცესია, სტრატეგია თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შევიმუშაოთ.
გაიდლაინის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება სერიოზული  სამედიცინო პრობლემაა და მის გამოვლენასა და მართვას სამედიცინო პერსონალმა, განსაკუთრებით – ოჯახის ექიმებმა და პირველადი ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებმა, ჯეროვანი ყურადღება უნდა დავუთმოთ.
თამბაქოს მომხმარებელთა 70% ექიმთან ყოველწლიურად მიდის. ერთი შეხედვით, რა აზრი აქვს თამბაქოს მავნებლობაზე საუბარს – ეს ხომ ისედაც ყველამ იცის, თანაც უმეტესად ამაოა... სინამდვილეში კი დამტკიცებულია, რომ მარტივი რჩევის შედეგად მოწევას თავს 60-დან 1 მწეველი ანებებს, ინტენსიური მკურნალობით (ვგულისხმობ ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს, თუ საჭიროა, მედიკამენტურ მკურნალობასაც) – 30-დან ერთი. ამ თითქოსდა მცირე მაჩვენებლებსაც კი, მწეველთა უზარმაზარი არმიის რიცხოვნობის გათვალისწინებით, საზოგადოების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სიკეთე მოაქვს. ექიმის სიტყვას დიდი ძალა აქვს. მარტივი რჩევა, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები მოწევისთვის თავის დანებების ალბათობას და სიგარეტისგან თავშეკავებას 12 თვის მანძილზე 1.5-2-ჯერ ზრდის. ასევე ეფექტურია ტელეფონით კონსულტაცია (მოწევის შეწყვეტის ხაზი), რომელიც მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული, ამიტომ სასურველია, ექიმებმა და ჯანდაცვის სერვისებმა მწეველთათვის ასეთი ხაზები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ.
როგორც იცით, პაციენტის ყოველი ვიზიტის დროს, განურჩევლად იმისა, რა ჩივილით მოგვმართა მან, ე.წ. სასიცოცხლო ნიშნებს (პულსს, არტერიულ წნევას, წონას, სუნთქვის სიხშირეს, ტემპერატურას) ექიმები აუცილებლად ვაფასებთ და ვინიშნავთ. სწორედ ამ ნიშნებს შორის მოიაზრება მწეველობის სტატუსის დადგენაც დაკონკრეტებით (ოდესმე თუ მოუწევია სიგარეტი, ამჟამად თუ ეწევა, რამდენი წელია და დღეში რამდენ ღერს). საერთაშორისო გამოცდილებით დამტკიცდა რომ ასეთი მცირე ჩანაწერიც, რომელსაც აუცილებლად შემდგომი რეკომენდაცია მოყვება მნიშვნელოვნად ზრდის ალბათობას რომ მწეველი თამბაქოს მავნებლობაზე დაფიქრდეს, აღარაფერს ვამბობ რომ დოკუმენტირება ინფორმაციის შემდგომი გაანალიზების და საჭირო ჩარევების დაგეგმვის მეტ საშუალებას იძლევა.





                                        წამალი თამბაქოს წინააღმდეგ    
გარდა ტკბილი სიტყვისა, ექიმებს საკმაოდ ძლიერი ფარმაკოლოგიური იარაღიც მოგვეპოვება. თამბაქოს დამოკიდებულების სამკურნალოდ მოწოდებულია მრავალი ეფექტური მედიკამენტი. ექსპერტები გვირჩევენ, დავნიშნოთ ისინი ყოველთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათი მიღება უკუნაჩვენებია, ანდა არა გაგვაჩნია საკმარისი მტკიცებულება განსაზღვრულ პოპულაციაში (მაგალითად, ორსულებში, არამწეველ თამბაქოს მომხმარებლებში, მსუბუქ მწეველებში, მოზარდებში) მათი ეფექტიანობის შესახებ.
მოწევის მიტოვების გასაადვილებლად პირველი რიგის შვიდი მედიკამენტია მოწოდებული. აქედან ხუთი ნიკოტინის შემცველია (საღეჭი რეზინი, ინჰალატორი, ტაბლეტი, ცხვირის სპრეი/პულვერიზატორი, სალბუნი/პლასტირი), დანარჩენი ორი კი ნიკოტინს არ შეიცავს. ბუპროპიონი-SR გახანგრძლივებული მოქმედების ანტიდეპრესანტია. მოქმედებს ტვინის იმ რეცეპტორებზე, რომლებიც ნიკოტინის “მოთხოვნაზე” აგებენ პასუხს და ამით ნიკოტინის აღკვეთის სინდრომს ამცირებს. ვარენიკლინი ახალი პრეპარატია, მოქმედებს ტვინის ნიკოტინის რეცეპტორებზე და, ერთი მხრივ, აღძრავს იმგვარ ფიზიკურ სიამოვნებას, რომელსაც მწეველი მოწევისას განიცდის, მეორე მხრივ კი ასუსტებს აღკვეთის სინდრომს. ყოველი მათგანი რეალურად ზრდის მოწევის აბსტინენციის (თავის შეკავების) ხანგრძლივობას.
საერთაშორისო გამოცდილებით, ნიკოტინდამოკიდებულების მკურნალობა კლინიკურად ეფექტურიც არის და ხარჯეფექტურიც. იქ, სადაც ამ მკურნალობის ხარჯებს სადაზღვევო კომპანიები ფარავენ, თამბაქოს მოხმარებას უფრო მეტი ანებებს თავს.
მოწევისთვის თავის დასანებებლად მედიკამენტურ მკურნალობას იყენებენ როგორც მკურნალობის სრული კურსის ერთ-ერთ კომპონენტს. მედიკამენტები ამსუბუქებს თამბაქოს მიტოვების შემდგომ სიმპტომებს და ამგვარად აადვილებს მოწევისთვის თავის დანებებას, მაგრამ მთლიანობაში საამისოდ მხოლოდ პრეპარატების მიღება საკმარისი არ არის.
 



No comments:

Post a Comment